ავოკადო ეგზოტიკური, ცხიმითა და ვიტამინებით მდიდარი ხილია, რომელიც 20-მდე სახეობის ვიტამინს და მინერალს შეიცავს.
კვლევებით დადგენილია, რომ ავოკადოს ხანგრძლივი მიღება ამცირებს სიმსივნის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს. ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ხელს უწყობს კანის და თმის გაჯანსაღებას და ხელს უწყობს წონაში კლებას, თუმცა ავოკადოს კიდევ ერთი თვისება აქვს, რომლის შესახებ თითქმის არავინ იცის – ის ბუნებრივი საღებავია.
ავოკადოს საშუალებით შეგიძლიათ მატყლი, ბამბა, კვერცხი და ნებისმიერი ბუნებრივი ქსოვილი შეღებოთ, თანაც მწვანედ კი არა, ვარდისფრად!
ამ საოცარი პროცესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია, რომ ავოკადოს კანს და კურკას რბილობი კარგად მოაცილოთ, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით საგულდაგულოდ გარეცხოთ და დარწმუნდეთ, რომ სუფთაა.
ავოკადოს კურკა და კანი მთრიმლავ ნივთიერებებს – ტანინებს შეიცავს. ტანინი ბუნებრივად შექმნილი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ავოკადოს გარდა, ღვინოში, მუხის ქერქში და ჩაიში გვხვდება.
***
თუ ავოკადოს კანს ან კურკას რბილობი შეჰყვა, შეღებვისას ვარდისფერი აგურისფერისკენ შეიცვლება.
თუ ავოკადოს კანს და კურკას გაყინავთ და ისე გამოიყენებთ, ქსოვილი ვარდისფერი გამოვა, თუ გაახმობთ და ისე შეინახავთ – ყავისფერი.
ფერის გასაძლიერებლად, ზოგ ქსოვილს წინასწარ რძეში ალბობენ, თუმცა მატყლის, აბრეშუმის და სხვა სახის ცილოვანი ბოჭკოებისთვის რძეში დალბობა არაეფექტურია.
თუ ავოკადოს კურკას ალუმინის ქვაბში მოხარშავთ, ნახარშში შეღებილ ქსოვილს ალისფერი შეფერილობა ექნება, თუ სპილენძის ქვაბში – მოყვითალო-ოქროსფერი.
***
ახლა კი თეორიიდან პრაქტიკაზე გადასვლის დროა.
1 ლიტრ წყალზე 2-3 ავოკადოს კურკა და კანი დაგჭირდებათ. კანიც და კურკაც კარგად უნდა გაასუფთაოთ.
შეგიძლიათ კურკა და კანები ცალ-ცალკე მოხარშოთ – კურკის ნახარში უფრო მუქი ფერის იქნება, კანების ნახარში კი შედარებით ღია ფერის.
ხარშეთ, დაახლოებით, 1 საათი, დაბალ ცეცხლზე.
მზა ნახარში გადაწურეთ სუფთა ქვაბში, შიგ ჩადეთ შესაღები ქსოვილი და დაბალ ცეცხლზე დაადგით. ხსნარი ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ, შემდეგ კი ბოლომდე გააცივეთ.
ავოკადო შესანიშნავი ბუნებრივი საღებავია – ძალიან გამძლე და სრულიად არატოქსიკური.
***
ცნობისათვის – მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე მცენარეული საღებავი ქსოვილთა მოსაჩითად ერთადერთი საშუალება იყო.
ქიმიის განვითარების შედეგად, საღებავის მიღება ბუნებიდან ლაბორატორიებში გადავიდა და მცენარის როლი შემცირდა, მაგრამ საზოგადოდ ცნობილია, რომ მცენარეული წარმოშობის საღებავები სინთეზური გზით მიღებულ საღებავებთან შედარებით უფრო გამძლეა და გაუხუნარი.
კომენტარები