
აშშ-მა პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებზე, რომელიც ისრაელმა ღაზის სექტორში ჩაიდინა, – ამის შესახებ რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა.
„აშშ-მა პასუხი უნდა აგოს გადაიხადოს ფასი იმ დანაშაულებზე, რომელიც ისრაელმა ღაზის სექტორში ჩაიდინა, ამიტომ წინააღმდეგობის ძალები თავს ესხმოდნენ და გააგრძელებენ თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე ერაყსა და სირიაში.
ისრაელმა აჩვენა, რომ სუსტი ქვეყანაა, მყიფე, როგორც აბლაბუდა, ის ამერიკისა და დასავლეთის მხარდაჭერას საჭიროებს. ღაზის სექტორში გამარჯვება იქნება არა ირანის ან „ძმები მუსლიმების“ გამარჯვება. ეს იქნება პირველ რიგში პალესტინელების გამარჯვება, მაგრამ ასევე ეგვიპტის, იორდანიის, სირიისა და ლიბანის გამარჯვება. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, ღაზაში „ჰამასს“ დავუჭიროთ მხარი“, – აცხადებს „ჰეზბოლას“ ლიდერი.
ის, ასევე, მოუწოდებს არაბულ ქვეყნებს შეაჩერონ ნავთობის ექსპორტი ისრაელში.
ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ ჰეზბოლას არ აშინებს ამერიკის საფრთხეები და რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები.
„ომის დაწყების დღიდან აშშ გვემუქრება, რომ ლიბანში დაგვბომბავს ხმელთაშუა ზღვაში მყოფი სამხედრო გემებიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. მხოლოდ თქვენ ამერიკელებს შეგიძლიათ დაასრულოთ ის, რაც ახლა ხდება ღაზაში“, – დასძენს ის.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
კომენტარები