ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამ სხვაობით მოგებას არ ელოდა და ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და მომავალში მისგან კარგ შედეგებს ელოდება.
„თამაშის წინ ყოველთვის რთულია შედეგში დარწმუნებული იყო, მით უმეტეს ასეთ ანგარიშში. თუმცა, ჩემი გუნდი 90 წუთი კონცენტრირებული და თავდაჯერებული იყო, ამ შედეგს ზურგს უმაგრებს დიდი ხნის შრომა, ფეხბურთელების ნიჭი და ნდობა. ძალიან გვიხარია ეს შედეგი, მაგრამ რასაკვირველია, წინასწარ ამაზე ფიქრი რთული იყო.
დიახ, შედეგის მიუხედავად აზრი არ შემიცვლია, ისევ ვფიქრობ, რომ საქართველო კარგი გუნდია, მათ ჩვენნაირ მეტოქესთან მოუწიათ თამაში, ჩვენ კი წამითაც არ მოვდუნდით. ამ შედეგის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და მომავალში კარგ შედეგებს აჩვენებს“, – თქვა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-4 მატჩში ესპანეთთან 1:7 დამარცხდა. ეროვნულ ნაკრებს A ჯგუფში, ოთხ შეხვედრაში 4 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 12 სექტემბერს ნორვეგიასთან ჩაატარებს. მატჩი ოსლოში 22:45 საათზე გაიმართება.
კომენტარები