განკითხვა ერთ-ერთი წამყვანი ცოდვაა იმ ცოდვათაგან, ადამიანს რომ მოსვენებას უკარგავს. მოყვასის განკითხვა არ შეიძლება, რადგან იმ ცოდვაზე დაცინვით, რომელშიც ის ადამიანია, ჩვენ დავცინით და განვიკითხავთ ღმერთს, რადგანაც განსაცდელი მის თავს, ღმერთმა დაუშვა. ამიტომ ითვლება ცოდვად ადამიანის განკითხვა. არავინ იცის, ვინ რა სინანულში მოექცევა თავისი ცოდვის გამო, ამიტომაცაა რომ სხვის განკითხვაში თავის ჩაგდებას უნდა ვერიდოთ.
ახლა ერთი წმინდა მამის ისტორიას გაგაცნობთ;
ღირსი ვიტალი (609-620) ღირსი სერიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში წმინდა პატრიარქ იოანე მოწყალის დროს ჩავიდა.
60 წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: მოსახსენებელში ჩაიწერა ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი და მათთვის მხურვალედ ლოცულობდა. ღირსი მამა დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდ 12 სპილენძის მონეტას იღებდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მეძავთან ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა.
ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ ღამე. რიგრიგობით ყველა მეძავთან მიდიოდა, თან ყველას ევედრებოდა, შეენახათ წმინდანის მათთან ყოფნის საიდუმლო. ალექსანდრიის მცხოვრებლებმა არ იცოდნენ ბერის საქციელის ნამდვილი მიზეზი და აღშფოთებულები შეურაცხყოფდნენ მას.
ღირსი ვიტალის წმინდა ლოცვამ მრავალი დაცემული ქალი გადაარჩინა: ნაწილი მონასტერში წავიდა, ნაწილი გათხოვდა, ნაწილმა პატიოსანი შრომა დაიწყო, მაგრამ გამოსწორების მიზეზის დასახელებას ვერავინ ბედავდა – ისინი შეკრულნი იყვნენ წმინდა ვიტალისთვის მიცემული ფიცით. როცა ერთმა ქალმა გატეხა ფიცი და დაიწყო ბერის გამართლება, ეშმაკისგან გვემულ იქნა. ამის შემდეგ ალექსანდრიელებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ ღირსი მამის „დანაშაულში“.
რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმინდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: „ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს. არ გახსოვთ, რა მოხდა ნიკეის კრებაზე? ზოგიერთმა მღვდელმა და ეპისკოპოსმა წერილობით დააბეზღა ერთმანეთი კონსტანტინე დიდთან. მან დაუკითხავად დაწვა წერილები და თქვა: „საკუთარი თვალებით რომ მეხილა ცოდვით დაცემული მღვდელმთავარი ან მღვდელი, ჩემი სამოსლით დავფარავდი, რომ სხვას არ დაენახა მისი ცოდვა“. ასე შეარცხვინა ბრძენმა მღვდელმთავარმა ავისმთქმელები.
წმინდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა.
ერთხელ საროსკიპოდან გამოსული ღირსი მამა შეეჩეხა ჭაბუკს, რომელიც მეძავებთან შედიოდა. ჭაბუკმა სილა გააწნა წმინდანს და უთხრა, რომ ბერი ქრისტეს სახელს შეურაცხყოფდა. ღირსმა ვიტალიმ უპასუხა: „მერწუმე, ჩემს გამო ისეთ სილას მიიღებ, რომ შენს ყვირილზე მთელი ალექსანდრია შეიყრება“.
რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი ვიტალი გარდაიცვალა. მემრუშე ჭაბუკს გამოეცხადა საშინელი ბოროტი სული და სილა გააწნა სახეში. ჭაბუკი მიწაზე დაეცა, ტანსაცმელს იგლეჯდა და ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ უამრავი ხალხი შეიყარა.
რამდენიმე საათის შემდეგ ჭაბუკი გონს მოეგო, წმინდანის კელიისკენ გაიქცა, თან ყვიროდა: „შემიწყალე, მონაო ღვთისა, რამეთუ ვცოდე შენს წინაშე“. კელიის კარებთან ჭაბუკი საბოლოოდ განიკურნა და შეკრებილებს მოუთხრო თავის შეხვედრაზე ღირს ვიტალისთან; შემდეგ დააკაკუნა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. როცა კარები შეამტვრიეს, ნახეს, რომ ხატის წინ მუხლმოყრილ ბერს საუკუნო ძილით მისძინებოდა. წმინდანს ხელში ქაღალდის გრაგნილი ეჭირა, რომელზედაც ეწერა: „მკვიდრნო ალექსანდრიისანო, ნუ განიკითხავთ, სანამ არ მოვა უფალი, მსაჯული ჭეშმარიტი“.
კელიასთან მივიდა ბოროტისაგან გვემული ქალი, რომელიც დასჯილი იყო წმინდა ვიტალისთვის მიცემული ფიცის დარღვევის გამო. წმინდანის სხეულზე შეხებით ქალი განიკურნა და შეკრებილებს მოუყვა წმინდანის სიკეთეზე და მოღვაწეობაზე.
წმინდა იოანე მოწყალე ხარობდა, რომ არ დაუჯერა ბოროტ ენებს. მან დიდი პატივით დაკრძალა წმინდანის ნეშტი. ამის შემდეგ ბევრმა ალექსანდრიელმა აღთქმა დადო, რომ სხვას არ განიკითხავდა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
კომენტარები