2016 წელს სეულის ცენტრალურ პარკში ჩატარდა კონკურსი… არაფრის კეთებაში. თუ ფიქრობთ, რომ არაფრის კეთება ადვილია, ძალიან ცდებით – სინამდვილეში, ამას გარკვეული უნარები სჭირდება.
სეულის კონკურსში 20000 სპორტსმენი მონაწილეობდა, აქედან ფინალამდე 70-მა მიაღწია. მოდი, ერთად ვნახოთ როგორ იქცა არაფრის კეთება თითქმის სპორტის სახეობად და ეს უცნაური კონკურსი როგორ ტარდება?
ეს სიზარმაცის ჩემპიონატი არ არის!
უსაქმურობა სიზარმაცეში არ უნდა აგერიოთ. ზარმაც ადამიანს შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს: დაიძინოს, საათობით ტელეფონზე ისაუბროს ან სერიალს ჩაუჯდეს, მაგრამ სამხრეთ კორეულ ჩემპიონატზე ეს ყველაფერი აკრძალულია. აქ მკაცრი წესები მოქმედებს და უმცირესი დარღვევისთვის სპორტსმენს დისკვალიფიკაცია ემუქრება.
არაფრის კეთების კონკურსის მონაწილე გაუნძრევლად უნდა იჯდეს და არაფერზე იფიქროს.
ჟიური როგორ მოხვდება კონკურსანტი ფიქრობს თუ არა? მარტივად – პულსს გაუზომავს და აჩქარებისთვის დააჯარიმებს. და თქვენ გეგონათ, რომ 91 წუთის განმავლობაში არაფრის კეთება ადვილია?
ხანმოკლე მომზადების შემდეგ მონაწილეები სასტარტო პოზიციას იკავებენ. ზოგი ლოტოსის პოზაში ჯდება, ზოგი ფეხს ფეხზე იდებს, თუმცა დაწოლა კატეგორიულად აკრძალულია.
სპორტული უსაქმურობის წესები
კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეთა მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.
2016 წელს ჩემპიონატი ღია ცის ქვეშ ჩატარდა, რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელი იყო სითბური დარტყმა. ექიმები ამოწმებენ ხომ არ დაუსივდათ სპორტსმენებს კიდურები, პულსი ხომ არ აუჩქარდათ და ა.შ.
როგორც უკვე მიხვდით, კონკურსზე მობილური ტელეფონების, წიგნებისა და ჟურნალების შეტანა აკრძალულია. მონაწილეებს ეკრძალებათ თვალების დახუჭვა, მთქნარება, ზმორება, გაღიმება, ცაში ყურება, ძილი. ერთი სიტყვით, კონკურსის მონაწილე გაუნძრევლად უნდა იჯდეს და პირდაპირ, უემოციოდ იყუროს.
ვინ ხდება გამარჯვებული?
იმარჯვებს ის, ვინც 91 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად, უემოციოდ და მშვიდი პულსით გაჩერებას შეძლებს. სხვათა შორის, ორგანიზატორები კონკურსისთვის კვირის ყველაზე უსიამოვნო დღეს – ორშაბათს ირჩევენ, რადგან ამ დღეს ადამიანი სტრესისკენ მეტად მიდრეკილია. რაც შეეხება კონკურსის ჩატარების ადგილს, 2014 წელს კონკურსი ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა, 2016 წლიდან კი – ხალხმრავალ პარკში, ღია ცის ქვეშ იმართება.
არაფრის კეთების მაცოცხლებელი ძალა
კორეაში არაფრის კეთება სპორტზე მეტია. ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში მომუშავე ადამიანებში სტრესის დონე მსოფლიოში ყველაზე მაღალია. რიგით თანამშრომლებს სამსახურში მუდმივი სირბილი და გამუდმებული შფოთვა უწევთ.
კონკურსის – Woops Jan, Space Out Competition დამფუძნებელმა, მხატვარმა ვუპს იანმა ეს ღონისძიება იმისთვის შექმნა, რომ ხალხის ყურადღება პრობლემისკენ გადაეტანა.
ოდესღაც თავად მხატვარიც მუდმივ სტრესს განიცდიდა. შედეგად, „ემოციური გადაწვის სინდრომი“ განუვითარდა. ქალს მშვიდად დასვენების და სამუშაოდან მოწყვეტის საშუალება არ ჰქონდა. ყოველი წუთი, რომელიც სამსახურს არ უკავშირდებოდა, დაკარგულად მიაჩნდა. ასეთი მიდგომა ადამიანს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნის და საბოლოოდ, ვუპს იანმა კონკურსის შექმნა გადაწყვიტა.
სტატისტიკა
2014 წელს Woops Jan, Space Out Competition-ს სულ რამდენიმე მონაწილე ჰყავდა, თუმცა 2016 წელს განაცხადების რაოდენობამ 2000-ს მიაღწია. ამდენი სპორტსმენისთვის თვალის დევნება რთულია, ამიტომ ვუპსმა რამდენიმე საკვალიფიკაციო ეტაპი გამართა.
2014 წელს არაფრის კეთების კონკურსში გაიმარჯვა რეპერმა, სახელად Shin Hye-Seob-მა. ახალგაზრდამ აღიარა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად სახლში ემზადებოდა. სპეციალური მომზადების დამსახურებით რეპერის გულისცემა 90 წუთის განმავლობაში არ შეცვლილა.
შრომისმოყვარე ადამიანების რაოდენობით სამხრეთ კორეა მსოფლიოში ლიდერია. ამ ქვეყანაში ადამიანები სამსახურში საშუალოდ 50 საათს ატარებენ. რიგითი კორეელისთვის ათსაათიანი სამუშაო დღე ნორმალურად ითვლება. დასაქმებულთა, დაახლოებით, 70 პროცენტი შაბათ-კვირასაც მუშაობს.
გასაკვირი არ არის, რომ არაფრის კეთების ჩემპიონატი სწორედ სამხრეთ კორეაში გაჩნდა. მათთვის, ვინც გამუდმებით მოძრაობას და რაღაცის კეთებასაა მიჩვეული, 90-წუთიანი პაუზა წამების ტოლფასია, ამიტომ კორეის ჩემპიონატი შეიძლება სერიოზულ შეჯიბრად ჩაითვალოს.
კომენტარები