მსოფლიო სამზარეულო სავსეა შხამიანი მწერებისა და ქვეწარმავლებისგან დამზადებული უცნაური კერძებით, თუმცა მათი ინგრედიენტები ასე თუ ისე, საკვებად ვარგისია. ჩვენს პლანეტაზე არსებობს ადგილი, სადაც საჭმელად სრულიად გამოუსადეგარი რამ დელიკატესად აქციეს. ესაა მიწა, რომელსაც ინდონეზიური სოფლის, ტაბანის მოსახლეობა დიდი სიამოვნებით ამზადებს და მიირთმევს.
ტაბანელების დელიკატესის მოსამზადებლად აუცილებლად ადგილობრივი ბრინჯის მინდვრებიდან აღებული მიწაა საჭირო. მას წვრილი კენჭებისა და ნაგვისგან წმენდენ და იწყება მაგია…
გასუფთავებულ მიწას ჯოხით დიდხანს და საგულდაგულოდ „სცემენ“, სანამ ერთიან, დაახლოებით მუყაოს ფურცლის სისქის ბრტყელ ფენას არ მიიღებენ.
ამის შემდეგ დატკეპნილ მიწას თანაბარი ზომის ზოლებად ჭრიან, დარჩინის ღერებივით ახვევენ და ბოლავენ ან ქოთნებში აცხობენ. ამ კერძს ამპო ეწოდება. მის მომზადებას 30 წუთიდან საათნახევარამდე სჭირდება.
***
ამპოს მომზადება ყველას არ შეუძლია. ამ საქმით ტაბანში მხოლოდ ერთი ოჯახია დაკავებული. ოჯახის დიასახლისი, სახელად რასიმა, მიწის დელიკატესს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მასზე მუდმივად მაღალი მოთხოვნაა და ინდონეზიური სოფლის კვალობაზე, ძვირიც ღირს. რასიმას თქმით, ამპოს გაყიდვით ოჯახურ ბიუჯეტს ყოველდღიურად, დაახლოებით 2 დოლარით ავსებს. დელიკატესის მომზადების საიდუმლო თაობიდან თაობას გადაეცემა.
***
ტაბანელები მიწის დელიკატესს სიამოვნებით ყიდულობენ, რადგან მისი სასწაულებრივი ძალის სჯერათ. ინდონეზიელების აზრით, ამპოს მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. ის სასარგებლოა ორსულებისთვის – დადებითად მოქმედებს ნაყოფის კანზე და ბავშვი ძალიან ლამაზი იბადება.
ევროპელები, რომლებმაც ამპოს დაგემოვნება გაბედეს, ამბობენ, რომ მას საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს. რასიმას თქმით, ამპოს გემოვნური თვისებები საწყისი მასალის გაწმენდის ხარისხზეა დამოკიდებული.
კომენტარები