მობილური ტელეფონის გამოგონებას შეიძლება თანამედროვე ტექნიკური პროგრესის რევოლუცია ეწოდოს. მას დიდი სარგებლობა მოაქვს ხალხისთვის და უდიდეს მოგებას აძლევს კავშირგაბმულობის კორპორაციებს.
თუმცა, როგორც ცნობილია, ნებისმიერ ტექნიკურ პროგრესს, სიკეთესთან ერთად, თან ახლავს უარყოფითი შედეგებიც. დღესდღეობით ადამიანების დიდი უმრავლესობა მუდმივად მობილურ ტელეფონს ჩასცქერის. მთელი დღის განმავლობაში ეს დრო 3 საათიდან 15 საათამდეც მერყეობს. გამოდის, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა წელიწადში 5000 საათს მობილურთან ერთად ატარებს.
მობილური აპარატი, უკვე დიდი ხანია, აღარ არის მხოლოდ სასაუბრო და ადამიანების კომუნიკაციის საშუალება. მას შემდეგ, რაც მას ინტერნეტთან წვდომაც შეემატა, მომხმარებლების არცთუ მცირე ნაწილი მობილურს მიეჯაჭვა და დროის უმეტეს ნაწილს მასში ცქერას უთმობს.
ბინგემტონის უნივერსიტეტის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში უარესდება. მეცნიერ ისააკ ვაჰეფის ექსპერიმენტში მონაწილეობდა კოლეჯის 182 სტუდენტი. გაირკვა, რომ მათ, ვინც საჭიროზე დიდი დოზით იყო სმარტფონზე დამოკიდებული, აღენიშნებოდათ პიროვნული და სოციალური პრობლემები. ამასთან, გამოვლინდა დეპრესიისა და შფოთვის ნიშნებიც.
მობილურზე დამოკიდებულება, მამაკაცებთან შედარებით, ქალბატონებში უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ისინი არასდროს თიშავდნენ ტელეფონს, სისტემატურად ამოწმებდნენ აპარატს და ტელეფონზე უარს სააბაზანოშიც ვერ ამბობდნენ. მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ მობილურის გავლენის ქვეშ ყველაზე ხშირად 18-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. მათგან 77% რამდენიმე წუთითაც ვერ შორდება მას.
დამტკიცებულია, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები ადამიანის ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს უჯრედულ დონეზე. ასე რომ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მობილური ტელეფონი საშიშიც არის. საფრთხე, პირველ რიგში, დაკავშირებულია ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებაზე ტვინში ელექტრულ პროცესებზე. ტვინის ნერვული უჯრედები წარმოქმნის რთულ ელექტრულ ქსელს. ტელეფონის ველის ზემოქმედებით ამ ქსელზე ხდება ტვინის უჯრედების აქტიურობის დარღვევა, რაც იწვევს: ჰიპერტონიას, არითმიას, წყლულოვან დაავადებებს, მეხსიერების დაქვეითებას, ხშირ თავის ტკივილს, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ყურადღების დაქვეითებას, გულფიცხობას, სტრესის მიმართ დაბალ გამძლეობას, ეპილეფსიურ რეაქციებს, გონებრივი და შემეცნებითი უნარის დაქვეითებას.
მობილური ტელეფონების გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგ დაავადებათა რისკი: ბავშვთა ლეიკემია, კატარაქტა და თვალის სხვა დაავადებანი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ლეიკოზი, ტვინის სიმსივნე, მკერდის კიბო, პირის ღრუს კიბო, ალცაჰაიმერის დაავადება, გულსისხლძარღვთა დაავადებები.
თბილისელი ნია აბზიანიძე “რეზონანსთან” ადასტურებს, რომ მისი მობილურზე დამოკიდებულება ახლობლებისათვის შემაშფოთებელია. თავადაც იცის, რომ ზედმეტ დროს უთმობს ტელეფონს, თუმცა ამგვარ მიჯაჭვულობას ვერაფერს უხერხებს.
“დაახლოებით 15 წლის წინ, როცა პირველი მობილური ტელეფონი შევიძინე, დღეში დაახლოებით 40 წუთს ვუთმობდი, ისიც საუბარს და მიწერ-მოწერას. დროსან ერთად მობილურის ფუნქციებიც შეიცვალა და ახლა უკვე მთელ დღეს აპარატს ჩავცქერი. ძილის დრო რომ გამოვაკლოთ, 24 საათიდან სხვა ნებისმიერ დროს თან საქმეს ვაკეთებ და თან მობილური მიჭირავს ხელში. საჭესთან, როგორც კი შუქნიშანზე წითელი შუქი ინთება, სამსახურში სამუშაო პროცესში და თათბირზეც კი, როცა ამის დრო მეძლევა, თვალი ტელეფონისკენ გამირბის. სოციალური ქსელები, ახალი ამბების საიტები და სხვა ყველა ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი.
წინა თვეში მეგობრები ჯუთაში ვიყავით, სადაც მობილური არ იჭერს. თავიდან თითქოს ძალიან კარგი იყო – ლამაზი ბუნება, სუფთა ჰაერი, სიგრილე და ახლობლები, მაგრამ დაახლოებით 2 საათის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მთელი დღის განმავლობაში 15 წუთის ინტერვალით ვამოწმებდი, მიღება ხომ არ დაბრუნდა-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ზარს ან “ესემესს” ველოდებოდი, უბრალოდ, გარე სამყაროსთან წვდომას ვკარგავ, ასე მგონია, როცა მობილური არ მაქვს ხელში.
მეგობრები ძალიან შეშფოთდნენ ამ ამბით. ოჯახის წევრებმაც განიცადეს, როცა სახლში მოვყევი. პრინციპში, მეც ვიცი, რომ ზედმეტად მიჯაჭვული ვარ, მაგრამ რა ვქნა, აღარ შემიძლია სხვაგვარად. თან არ მგონია, ეს სხვა პრობლემასაც ქმნიდეს, თუ არ ჩავთვლით, რომ ბევრ დროს ვკარგავ”, – განუცხადა ნია აბზიანიძემ “რეზონანსს”.
ჯაბა ჩარქსელიანი სტუდენტია. იგი ლექციების დროსაც კი ახერხებს, რომ მობილურისთვის მოიცალოს თუნდაც რამდენიმე წუთით. ტექნიკაზე მიჯაჭვულობა რომ ცუდია, იცის, მაგრამ 21-ე საუკუნეში ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია და არ აღელვებს.
“მობილურისათვის დროის გამონახვას ყველგან ვახერხებ – ლექციაზე, სუფრაზე, საჭეთან, მეგობრებთან საუბრისას, სტადიონზე ყოფნისას და ტაძარშიც კი. თუნცად რამდენიმე წამით რომ გადავავლებ თვალს სიახლეებს, საიტებს ან სოციალურ ქსელს, ამით ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებ. ვიცი, რომ ცუდია რამეზე დამოკიდებულება, მით უფრო ტექნიკაზე, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა არ მგონია. ბოლოს და ბოლოს ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ. იმდენი ფუნქცია და შესაძლებლობა აქვს ტელეფონს, რომ არც არის გასაკვირი, ხალხი ამდენ დროს რომ უთმობს.
აყველაფერი ამ პატარა მოწყობილობაშია. ვრეკავ, “ვმესიჯობ”, სიციალური ქსელებით ვსარგებლობ, სპორტულ თამაშებს ვუყურებ და “სამეფო კარის თამაშებიც” კი ტელეფონში მაქვს ნანახი. გადაბმულად არა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში რომ შევკრიბო, 10 საათს მიანც ვუთმობ მობილურს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ჯაბა ჩარქსელიანმა.
კომენტარები