ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ადამიანის სიცოცხლე დაბადებისას იწყება, თუმცა მელისას შემთხვევაში ასე არ მოხდა. მელისა ქვეყანას „მარილიანი“ აბორტის შედეგად მოევლინა. 19 წლის სტუდენტმა გოგონამ მედდა დედის დაჟინებული თხოვნით, ორსულობა 31 – ე კვირას შეწყვიტა და 1977 წლის 29 აგვისტოს, აიოვას საავადმყოფო უკანმოუხედავად დატოვა, რადგან ფიქრობდა, რომ იქ მკვდარ შვილს ტოვებდა.
როგორც წესი, მარილიანი აბორტი ორსულობის გვიან პერიოდში ნაყოფის სიკვდილს იწვევს, თუმცა ამჯერად, მანიპულაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და ბავშვი ცოცხალი დაიბადა. ეს იყო გოგონა, რომელიც კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონიდა. ის ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებაში, სრულ იზოლაციაში იწვა და მისი ჯანმრთელობა არავის, თითქმის არავის აწუხებდა.
ბედის ირონიით, იმ ცვლაში მორიგეობდა 19 წლის სტუდენტის მედდა დედა, რომელიც შვილის არასასურველი ორსულობის შეწყვეტას მოითხოვდა. მისი მითითებით, ბავშვი სამედიცინო ნარჩენებში გაგზავნეს, მაგრამ მეორე ექთანმა, სახელად მერიმ, ბავშვის სუსტი ტირილი გაიგო და განგაში ატეხა. აიოვას საქალაქო საავადმყოფოს პედიატრებს ბავშვის გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. გადარჩენის შემთხვევაშიც კი, ყველაზე საიმედო პროგნოზით, მას განვითარების შეფერხება, სმენისა და მხედველობის პრობლემები ექნებოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გოგონა გადარჩა და დღითი დღე ძლიერდებოდა.
სამი კვირის შემდეგ მელისა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა, ამიტომ მასზე ექთნები ზრუნავდნენ. გოგონამ სიცოცხლის წარმოუდგენელი წყურვილი გამოავლინა და სამი თვის ასაკში თითქმის მთლიანად გამოჯანმრთელდა.
ის ოდნავ ჩამორჩებოდა განვითარებას, როდესაც რონმა და ლინდა ოდენებმა იშვილეს. იმ დროისთვის, წყვილი მეორე ნაშვილებ გოგონას, ოთხი წლის ტემის ზრდიდა.
ახალი მშობლები მელისას მზრუნველობას არ აკლებდნენ. ხუთი წლის ასაკში გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო. რონი და ლინდა ურთიერთობას აგრძელებდნენ მზრუნველ ექთან მერისთან, რომელმაც, მელისა ფაქტობრივად, სიკვდილს გადაარჩინა. მოგვიანებით, მერის მელისაც დაუმეგობრდა და ეს ურთიერთობა ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა.
რონი და ლინდა ბავშვებს არასდროს უმალავდნენ შვილად აყვანის ფაქტს. მცირე ასაკობრივი სხვაობის გამო, გოგონები თავს ნამდვილ დებად გრძნობდნენ, თუმცა როგორც ყველა ბავშვი, ხშირად კამათობდნენ. ერთ-ერთი ასეთი კამათის დროს, მელისამ თავისი დაბადების ამაზრზენი გარემოებების შესახებ შეიტყო.
14 წლის მოზარდისთვის ფრაზა „შენს მშობლებს არ უნდოდი“ ბომბის გავარდნის ტოლფასი იყო. გოგონამ ბიოლოგიურ დედის მიმართ შიში, ბრაზი და დანაშაულიც კი იგრძნო, რადგან ცოცხალი გადარჩა. 14 წლის თინეიჯერმა მძიმე ემოციური ტვირთის დამოუკიდებლად ზიდვა ვერ შეძლო. მელისა ბულიმიით დაავადდა, ალკოჰოლზე და სექსზე დამოკიდებული გახდა. ფიქრი იმაზე, რომ ბიოლოგიური მშობლების ნების საწინააღმდეგოდ დაიბადა, მოსვენებას არ აძლევდა. გოგონა განმარტოვდა და ჩაკეტილი გახდა. მშობლები კი მისი უეცარი ცვლილების მიზეზს ვერ ხვდებოდნენ.
დროთა განმავლობაში მელისამ ფსიქოლოგიური შოკის დაძლევა შეძლო. ამასთან, მან სწავლის გაგრძელების ძალა იპოვა და სამხრეთი დაკოტას უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის შესასწავლად ჩააბარა, მაგრამ ბედი გოგონას მეორე გამოცდას უმზადებდა. მელისამ არ იცოდა, რომ ამ უნივერსიტეტში ასწავლიდა მისი სიკვდილის მსურველი ბებია, ხოლო დედა ოდესღაც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა.
19 წლის სტუდენტს ბიოლოგიურ მშობლებზე ფიქრი არ ასვენებდა და როგორც კი საკუთარ თავში შიში დაძლია, მათი ძებნა დაიწყო. გოგონა საარქივო ჩანაწერების დეტალურად შესასწავლად საქალაქო საავადმყოფოში წავიდა, თუმცა საბუთებში ქექვით ვერაფერი გაარკვია.
ერთ დღეს, უნივერსიტეტში ყოფნის დროს მასწავლებელი ქალი შენიშნა და მასში მსგავსი სახის ნაკვთები აღმოაჩინა. გოგონამ ქალს წერილი გაუგზავნა, სადაც შესაძლო ნათესაური კავშირის შესახებ ეკითხებოდა. მელისამ პასუხი ბაბუისგან მიიღო.
ბაბუამ გოგონას განუმარტა, რომ ბიოლოგიური დედის პოვნაში ვერ დაეხმარებოდა, რადგან წლების მანძილზე მელისას დედასთან ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ მელისას დაბადება შვილსა და მშობლებს შორის გაუცხოების მთავარი მიზეზი გახდა. ბაბუამ და ბებიამ დაუბადებელ შვილიშვილზე უარი თქვეს და ქალიშვილიც დაკარგეს.
რაღაც დროის შემდეგ მელისამ დედის ძებნა შეწყვიტა. მის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც უბედნიერეს ქალად აქცია. ამჟამად მელისას საკუთარი ოჯახი აქვს და ორ ქალიშვილს ზრდის. აღსანიშნავია, რომ უფროსი გოგონა იმავე საავადმყოფოში დაიბადა, სადაც მელისა.
გავიდა დრო და ბიოლოგიური ნათესავები გოგონას თავად დაუკავშირდნენ. მელისა 36 წლის იყო, როდესაც ბიძაშვილისგან წერილი მიიღო, სადაც მისი დაბადების შესახებ ყველაფერი ეწერა. ბოლოს და ბოლოს, მას ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა.
მელისას ბიოლოგიური დედა უნივერსიტეტში სწავლის დროს სპორტით ყოფილა გატაცებული. სპორტსმენ ქალებში არარეგულარული მენსტრუაცია საკმაოდ ხშირია, ამიტომ გოგონამ ორსულობის შესახებ დიდხანს არ იცოდა. როდესაც ფეხმძიმობა შესამჩნევი გახდა, მშობლებმა მარილიანი აბორტის გაკეთება მოითხოვეს, რადგან ადრეულ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ. მელისა მიხვდა, რომ ამდენი წლის მანძილზე ბიოლოგიურ დედაზე ტყუილად ბრაზობდა, რომ ის მელისას დაბადების წინააღმდეგი არ იყო და, უბრალოდ, მშობლების ზეწოლას ვერ გაუძლო. შემდეგ მელისა დაინტერესდა, როგორ შეძლეს მისი შვილად აყვანის მსურველებმა ბიოლოგიური დედის თანხმობის გარეშე ბავშვის აყვანა და მიხვდა, რომ ვიღაცამ ხელმოწერა გააყალბა.
კომენტარები