მომავალ წელს შვედურ პოპ-ჯგუფ ABBA-ს ევროვიზიაზე გამარჯვების 50 წლის იუბილეა.
1974 წელს ABBA კონკურსზე წარდგა სიმღერით Waterloo და შვედეთს ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა.
ABBA ევროვიზიის მონაწილე ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა, თუმცა ჯგუფი 2024 წლის ევროვიზიაზე აღარ გამოვა – ამის შესახებ The Guardian წერს.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ბენი ანდერსონის (Benny Anderson) თქმით, ABBA არ აპირებს ევროვიზიაზე გამოჩენას. „მე ეს არ მინდა და მე თუ არ მინდა, სხვებსაც არ ენდომებათ. როცა ჩვენ ვამბობთ არას, ეს საბოლოო არაა“, – თქვა ანდერსონმა.
ანდერსონის სიტყვები ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ბიორნ ულვეუსმაც (Björn Ulvaeus) დაადასტურა. „ABBA-ს გამარჯვების 50 წლის იუბილე სცენაზე გასვლის გარეშე შეგვიძლია აღვნიშნოთ“, – განაცხადა მუსიკოსმა.
***
შვედური ჯგუფი, რომელიც სტოკჰოლმში, 1972 წელს ჩამოყალიბდა, ათი წელია, რაც სცენაზე არ გამოსულა. როგორც ხშირად ხდება, ჯგუფის დაშლა უთანხმოების გამო მოხდა.
ABBA-ს აქტიურობის პერიოდში აგნეტა ფელტსკუგი (Agnetha Fältskog) და ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდა ლიუნგსტადი (Anni-Frid Lyngstad) და ბენ ანდერსონი ოჯახური წყვილები იყვნენ, თუმცა პოპულარობის პიკში მათი ურთიერთობები დაიძაბა.
1979 წელს აგნეტა და ბიორნი ერთმანეთს დასცილდნენ, ორი წლის შემდეგ კი მათი ბედი ანი-ფრიდის და ბენის წყვილმაც გაიზიარა. მომხდარმა ჯგუფის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
ჯგუფს დაშლის შესახებ არ განუცხადებია, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ ის დაშლილი იყო. ABBA-ს უკანასკნელი გამოსვლა 1982 წლის 11 დეკემბერს, გადაცემა The Late, Late Breakfast Show-ში შედგა.
1983 წელს ჯგუფის გოგოებმა სოლო კარიერა დაიწყეს, ხოლო ბიჭებმა მუსიკის შექმნა გააგრძელეს.
2000 წელს ABBA-ს ჯგუფის აღდგენის და კონცერტების ჩატარების ინიციატივით მიმართეს და თანხმობის შემთხვევაში, მილიარდი დოლარის გადახდას დაჰპირდნენ, მაგრამ ჯგუფი შეთავაზებას არ დათანხმდა. „ABBA არ იყიდება“ – ასეთი იყო მუსიკოსების კერპების პასუხი. ჯგუფის წევრის, აგნეტა ფელტსკუგის თქმით, ყოფილი კოლეგებისა და მეუღლეების გარემოცვაში 250 კონცერტის ჩატარება აუტანელი წამება იქნებოდა.
***
„Forbes“-ის მონაცემებით, ABBA-ს წევრები პოპ-მუსიკის უმდიდრეს შემსრულებელთა შორის არიან.
დაარსებიდან დღემდე მსოფლიოში ჯგუფის 400 მილიონი ალბომი გაიყიდა.
გარდა ამისა, ბიორნ ულვეუსი და ბენ ანდერსონი სამი წარმატებული მიუზიკლის ავტორები, ასევე ფილმის Mamma Mia-ს პროდიუსერები არიან!
ამავე სახელწოდების მიუზიკლი სცენაზე 65 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მარტო ერთმა მიუზიკლმა ABBA-ს 4 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა. 2016 წელს, მიუზიკლის პირველი კინოადაპტაციის შემდეგ ულვეუსისა და ანდერსონის ბიუჯეტი კიდევ 60 მილიონი დოლარით შეივსო.
მომდევნო წლებში მიღებული შემოსავალი საჯაროდ არ გახმაურებულა. ბენი და ბიორნი მუდმივად წერენ მუსიკას ფილმებისა და სატელევიზიო შოუებისთვის. გარდა ამისა, ულვეუსმა Mamma Mia-ს წარმატების გამეორება გადაწყვიტა! ამავდროულად ის ამავე სახელწოდების მქონე რესტორნის მფლობელია.
ასე რომ, ABBA წევრებს შეთავაზებაზე უარის თქმით მილიარდი დოლარის დაკარგვა განსაკუთრებულად არ დააზარალებს. ფულის გარდა, მათ უკვე მოიპოვეს ყველაზე მთავარი – მსმენელის სიყვარული, რასაც დრო ვერ მოერია.
კომენტარები