6 წლის ჯონბენეტ რემსის მკვლელობის ცნობამ მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო – უამრავი სილამაზის კონკურსის პატარა გამარჯვებული საკუთარი სახლის სარდაფში გარდაცვლილი ნახეს. რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს – 1996 წლის 26 დეკემბერს, რას უკავშირებენ გოგონას მშობლები მის გარდაცვალებას და რატომ არ არის გახსნილი ეს საშინელი დანაშაული დღემდე?
ჯონბენეტ პატრიცია რემსი ამერიკაში ცნობილი იყო როგორც ბავშვთა სილამაზის კონკურსების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მონაწილე – ექვსი წლის ასაკში გოგონა ერთდროულად რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული იყო და სამოდელო ბიზნესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრაგიკულმა შემთხვევამ ყველაფერს წერილი დაუსვა.
ჯონბენეტი 1990 წლის 6 აგვისტოს, ატლანტაში დაიბადა. მამამისი ჯონ ბენეტ რემსი წსარმატებული ბიზნესმენი იყო და საკუთარ IT კომპანიას ფლობდა. დედა, პატრიცია რამსი, ყოფილი მოდელი და სილამაზის კონკურსის, „მის ამერიკას“ მონაწილე იყო, რომელმაც ქალიშვილის დაბადების შემდეგ კარიერა მიატოვა.
გოგონას ბავშვობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ოჯახთან დაახლოებული ზოგი პირი ამტკიცებს, რომ მშობლებსა და გოგონას შორის თბილი ურთიერთობა იყო, სხვები კი ამბობენ, რომ პატრიცია და ჯონი დესპოტი მშობლები იყვნენ და ქალიშვილს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ. ჯონბენეტის გარდაცვალების შემდეგ ბევრმა დედა იმაში დაადანაშაულა, რომ გოგონას სილამაზის კონკურსებში მონაწილეობას აიძულებდა და ეს თავისი შეწყვეტილი კარიერის გამო შურისძიება გახლდათ.
1996 წლის 26 დეკემბერს მშვიდი დილა გათენდა და უბედურებას არაფერი მოასწავებდა. გოგონას დედა სამზარეულოში, წყლის დასალევად შევიდა და მაგიდაზე სამგვერდიანი ჩანაწერი იპოვა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ოჯახის ცხოვრება. წერილში ეწერა, რომ ჯონბენეტი კრიმინალების ჯგუფმა მოიტაცა და მის დასაბრუნებლად, ოჯახს გამოსასყიდის სახით $ 118,000 დოლარი უნდა გადაეხადა.
შეძრწუნებულმა პატრიციამ მაშინვე ქმარი გააღვიძა და წერილი აჩვენა. როცა დარწმუნდნენ, რომ ბავშვი სახლში არ იყო, ცოლ-ქმარმა პოლიცია გამოიძახა. გამომძიებლებმა წერილზე თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინეს, სამაგიეროდ, აღნიშნეს, რომ ის არ ჰგავდა სტანდარტული გამოსასყიდის წერილს, რომელიც ჩვეულებრივ, რამდენიმე სტრიქონისგან შედგება. მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ წერილი თავად დაკარგული გოგონას დედამ, პატრისია რემსმა დაწერა.
„ფედერალურ ბიუროში ყოფნის სამოცი წლის მანძილზე არასდროს მინახავს კრიმინალის ასეთი წერილი. არა მგონია, ეს უცხო ადამიანის დაწერილი იყოს” – მოგვიანებით განაცხადა ერთ-ერთმა გამომძიებელმა.
ეჭვების მიუხედავად, პოლიციამ პატრიციას დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებების პოვნა ვერ შეძლო და გამოძიება გაგრძელდა. იმავე დღეს, გოგონას მამა ჯონ ბენეტ რემსი დეტექტივი ლინდა არნდტის თანხლებით მივიდა ჩანაწერში მითითებულ ადგილზე, რომ გამტაცებლებისთვის გამოსასყიდი გადაეცა, მაგრამ შეხვედრაზე არავინ გამოცხადდა. მეორე დღეს, დეაახლოებით, 13:00 საათზე ჯონ ბენეტი სარდაფში ჩავიდა და იატაკზე იპოვნა საკუთარი ქალიშვილის ცხედარი, რომელიც თეთრი პლედით იყო დაფარული. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. სიკვდილის მიზეზი კი ასფიქსია გახდა. სხეულზე აღმოაჩინეს სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობისა და სისხლის კვალი, რომელიც მსხვერპლს არ ეკუთვნოდა.
6 წლის ჯონბენეტ რემსის მკვლელობის ცნობამ მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო. ჟურნალისტებმა რემსების სახლი ალყაში მოაქციეს. ბევრს საეჭვოდ ეჩვენებოიდა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი გოგონას მშობლებმა რამდენჯერმე შეცვალეს ჩვენება და დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდნენ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვას.
თუმცა, საბოლოოდ, გარდაცვლილის ოჯახის ყველა წევრმა დაიწყო FBI– თან თანამშრომლობა, რამაც დაადასტურა მათი უდანაშაულობა. უკვე 1997 წლის ოქტომბერში პოლიციას დაახლოებით 1,600 ეჭვმიტანილი ჰყავდა, მაგრამ მათგან არცერთისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
შემდგომმა გამოძიებამ შედეგი არ გამოიღო. საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის ადგილობრივ განყოფილებასა და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის პოზიციები გაიყო. პირველი მიიჩნევდა, რომ გამოძიება ცუდად ჩატარდა და ბავშვის გარდაცვალებასთან მის მშობლებს კავშირი არ ჰქონდათ, ხოლო მეორე სწორედ პატრიციასა და ჯონ ბენეტს ადანაშაულებდა.
საბოლოოდ, შტატის გუბერნატორს ამ ჩახლართული საქმის გადასაწყვეტად ნაფიც მსაჯულთა მოწვევა მოუწია. 1999 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა რემსების წყვილს ბრალად წაუყენეს, რომ ბავშვი რისკის ქვეშ დააყენეს, რასაც ტრაგედია მოჰყვა. ასევე, ხელს უშლიდნენ გამოძიებას და თვეების მანძილზე არიდებდნენ თავს დაკითხვას.
ყველაფრის მიუხედავად, ოლქის პროკურორმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და დაზარალებულის ოჯახს ბრალი არ წაუყენა.
ჯონბენეტ რემსის მკვლელობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, სკოლის პედაგოგი ჯონ მარკ კარი იყო, რომელიც 2006 წელს დააპატიმრეს. დაკავებამდე რამდენიმე წლით ადრე მამაკაცი ჯონბენეტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის გოგონაზე შეყვარებული იყო და ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, შემთხვევით მოკლა. კარი დააპატიმრეს, მაგრამ დნმ-ის ტესტირებამ ვერ დაადგინა მისი კავშირი მსხვერპლთან და ეჭვმიტანილი გაამართლეს.
მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია გარდაცვლილი გოგონას ცხრა წლის ძმას უკავშირდებოდა, რომელმაც შეიძლება დასთან თანაშის ან ჩხუბის დროს, თავში ფანარი ჩაარტყა (გარდაცვლილი გოგონას თავზე ღია ჭრილობა აღმოაჩნდა), და მშობლებმა მეორე შვილისთვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად, ჯონბენეტის გატაცების ვერსია შეთხზეს. რამსების ადვოკატებმა რამდენიმე სარჩელი შეიტანეს იმ გამოცემების წინააღმდეგ, რომლებშიც ასეთ ვერსიას ავითარებდნენ და ყველა საქმე მოიგეს.
ყველა მცდელობის მიუხედავად, პოლიციამ ვერ შეძლო ამ დანაშაულის გახსნა. ექსპერტთა უმეტესობა თვლის, რომ გამოძიება არაკვალიფიციურად ჩატარდა და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. 2006 წელს ჯონბენეტის დედა კიბოთი გარდაიცვალა, ხოლო მამა საცხოვრებლად სხვა შტატში გადავიდა და მეორედ დაქორწინდა. ამ დროისთვის ის მშვიდად ცხოვრობს და ცდილობს, ყურადღება არ მიიქციოს.
ეს შოკისმომგვრელი ამბავი დღემდე აღელვებს ამერიკელებს, რადგან მთავარი კითხვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ საშინელ დანაშაულზე კვლავაც პასუხგაუცემელია.
კომენტარები