სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის თანახმად, 60 წელს გადაცილებული ქალების მხოლოდ 8% ცხოვრობს მამაკაცთან. დანარჩენები მარტო ცხოვრობენ ან საერთოდ დაქვრივებულები არიან.
მეტსაც გეტყვით, ბოლო დროს გაჩნდა ტენდენცია, რომ თუ ქალს 40 წლის ასაკში საკუთარი ქონება, მდიდარი მემკვიდრეობა ან კარგი შემოსავალი აქვს, თანაც იდეალური მამაკაცის შესახებ წარმოდგენები აღარ აწუხებს, სულ უფრო ხშირად ფიქრობს – იქნებ საერთოდ კაცის გარეშე ცხოვრება ჯობია? ბოლოს და ბოლოს, არც ბევრი საჭმლის მომზადებაა საჭირო, არც ბევრი ლაგება, არც ანგარიშის ჩაბარება.
***
88 წლის მსახიობი ბრიჯიტ ბარდო იხსენებს, თუ როგორი იყო 30 წლის წინათ და ამბობს, რომ ეს იყო დეპრესიის, სასოწარკვეთისა და სიცარიელის პერიოდი. მისი ძველი სილამაზიდან არაფერი იყო დარჩენილი და ქალმა არ იცოდა, ცხოვრება როგორ გაეგრძელებინა.
მამაკაცები ახალგაზრდა ლამაზმანს ნებისმიერ ახირებას უსიტყოდ ასრულებენ, ბუზღუნა მოხუცს კი ყველა გაურბის და რაც არ უნდა ეძებოთ სიბერის უპირატესობები, ვერ იპოვით – ისინი, უბრალოდ, არ არსებობს, – მიიჩნევს მსახიობი.
ფოტოზე: ბრიჯიტ ბარდოს და ჟაკ შარიეს ქორწილი
(ჟაკი მსახიობის მესამე ქმარი იყო და მისგან ჰყავს თავის ერთადერთი შვილი ნიკოლ-ჟაკ შარიე)
მსახიობმა ასეთი პირქუში აზრებით რამდენიმე წელი იცხოვრა და ამ ხნის მანძილზე სამჯერ თვითმკვლელობის მცდელობა, ქმართან, შვილთან და ძველ მეგობრებთან ჩხუბი მოახერხა.
ბოლოს მან ხალხისგან იზოლირება გადაწყვიტა. საკუთარი თავის გარდა, არავინ მჭირდება! – გამოაცხადა, თუმცა ისიც არავის სჭირდებოდა. მოხუც მეგობრებს საკუთარი საქმეები და დაავადებები აქვთ, შვილები გაიზარდნენ საკუთარი ინტერესები აქვთ.
ორივე ფოტოზე: ბრიჯიტ ბარდო თავის ვაჟთან, ნიკოლ-ჟაკ შარიესთან ერთად
რა თქმა უნდა, პლასტიკურ ქირურგთან მისვლა და დაკარგული ახალგაზრდობის აღდგენა შეიძლება, მაგრამ ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, ბარდოსთვის ეს თავის მოტყუებაა. ბრიჯიტმა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ არცერთ ოპერაციას არ გაიკეთებდა.
ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ყოველ ღამე ტიროდა და ვერ ხვდებოდა ცხოვრება რისთვის გაეგრძელებინა, თუმცა მასავით მოხუცმა მამაკაცებმა – მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა – აიძულეს, ცხოვრება სხვა კუთხიდან დაენახა. ეს ახალგაზრდულისგან სრულიად განსხვავებული ურთიერთობები იყო – მეგობრობა, სამყაროსა და საკუთარი სულის სილამაზის გაზიარების სურვილი.
მსოფლიოს ყველა მამაკაცის საოცნებო ქალი ასაკში ცხოველთა დამცველი გახდა, სამუდამოდ თქვა უარი ბეწვეულის ტარებაზე და ცხოველური საკვების მიღებაზე. ბრიჯიტ ბარდოს წყალობით მსოფლიოში ტკივილი, მნიშვნელოვნად შემცირდა: ადრე საფრანგეთის ცხოველთა სასაკლაოებზე პირუტყვი ნელი, მტანჯველი სიკვდილით კვდებოდა. ბრიჯიტი ხუთი წელი ებრძოდა ყასბებს და მიაღწია კიდეც დახოცვის ამგვარი მეთოდის აკრძალვას.
***
გთავაზობთ ციტატებს ბრიჯიტ ბარდოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან „ინიციალები BB“:
„ცხოვრება ნამდვილად ღირს თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანებისთვის. იმისთვის, რომ დილის 5 საათზე მზის ამოსვლა და საღამოს 5 საათზე მზის ჩასვლა დაინახო, იმოგზაურო, ყურსასმენები გაიკეთოო და ველოსიპედით ისეირნო, ქარში თმა გაიშალო და წვიმაში იცეკვო.“
„იცხოვრე იმ წვრილმანებისთვის, რაც გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ.“
„რეპორტიორმა ერთხელ მკითხა, რას ვფიქრობ თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის შესახებ.
– ქირურგს დღეს შეუძლია ადამიანის ცხვირს ყველაფერი გაუკეთოს, რაც მოესურვება, ალბათ, ერთი რამის გარდა – მას არ შეუძლია გადააჩვიოს ცხვირის სხვის საქმეებში ჩაყოფას, – ვუპასუხე მე.“
„ეს ქვეყანა იმდენად პატარაა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ყველა ერთმანეთს ლოგინში ვხვდებით”.
„არ არსებობს იმაზე ძნელი სამუშაო, როცა ცდილობ, ლამაზად გამოიყურებოდე დილის რვა საათიდან შუაღამემდე.“
„მგონია, რომ მამაკაცები თაყვანს მცემდნენ, როცა პოპულარული ვიყავი და ეს თაყვანისცემა მეკუთვნოდა არ მე, არამედ ჩემს გარეგნობას, უფრო სწორად იმას, რომ მე მერქვა ბრიჯიტ ბარდო. ხოლო თავად მე და ჩემი პიროვნება არ მგონია, ვინმეს ოდესმე ჰყვარებოდა.“
„ცოლქმრობა არის კონტრაქტი, რასაც ყოველდღე გადასინჯვა და ხელახალი დადასტურება სჭირდება.“
„ყველაზე ლამაზი დღე ჩემი ცხოვრებისა იყო ღამე.“
„რაც უფრო მეტად ცდილობენ ქალები გათავისუფლებას, მით უფრო უბედურები ხდებიან.“
„სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი.“
კომენტარები