ფოტო: 1tv
მუზეუმში ბოლო 80 წლის მანძილზე მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ხელოვნების ნიმუშები 1945 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. მათ შორის არის აპოლონ ქუთათელაძის, კორნელი სანაძის, ნათელა იანქოშვილის, ედმონდ კალანდაძის, სერგო ფარაჯანოვის, ჯიბსონ ხუნდაძის, ალბერტ დილბარიანის, ზურაბ ნიჟარაძის, ლევ ბაიახჩევის, გივი თოიძის, თენგიზ მირზაშვილის, რადიშ თორდიას, თემო ჯაფარიძის, გაიანე ხაჩატურიანის, თამაზ ხუციშვილის, გოგი ჩაგელიშვილის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები.
საგამოფენო სივრცე 7 000 კვ. მეტრს მოიცავს და მუზეუმის სამ სართულზე, 31 საგამოფენო დარბაზშია გაშლილი. მუზეუმში ასევე მოწყობილია უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისად აღჭურვილი საცავი, რომელიც 6 000 სურათს იტევს, 120- კაციანი საკონფერენციო დარბაზი და კიდევ ერთი საგამოფენო სივრცე დროებითი ექსპოზიციებისთვის.
მუზეუმი, რომელიც სწორედ იმ ადგილას აშენდა, სადაც თავის დროზე მხატვრის სახლი იყო განთავსებული, ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის გარდა, მხატვრებს კვლევების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. არსებულ, მუდმივ ექსპოზიციას პერიოდულად ახალი ნამუშევრებიც შეემატება.
თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის, გია გუგუშვილის თქმით, მუზეუმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რა ხდება ამჟამად საქართველოში, რითი ცხოვრობს ეს ერი და რა ტრადიციები აქვს მას.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დათვალიერება 2018 წლის 2 ოქტომბრიდან არის შესაძლებელი.
კომენტარები