25-ე კადრის ცნება ალბათ გსმენიათ. ჩვეულებრივ ადამიანი წამში 24 კადრს აღიქვამს. დანარჩენი ინფორმაცია ცნობიერების საზღვრებს ვერ აღწევს. ყვითელი პრესა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არსებობს ერთგვარი ტექნოლოგია, რომელიც ვიდეოჩანაწერში 25-ე კადრის ჩასმის საშუალებას იძლევა. ის შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი რჩება, არაცნობიერად მუშავდება და შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს ადამიანის გადაწყვეტილებაზე. რამდენად რეალურია ამის გაკეთება?
ყველაფერი 1957 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკელმა მარკეტოლოგმა ჯეიმს ვაიკერიმ (James Vicary) საკუთარი ექსპერიმენტის შესახებ განაცხადა.
როგორც ვაიკერი ამბობდა, ექსპერიმენტის დროს რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთ-ერთი კინოთეატრის მაყურებელს სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით „25-ე კადრის“ საშუალებით გაზიანი სასმელისა და პოპკორნის რეკლამას უჩვენებდნენ. ვაიკერის თქმით, ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს გაზიანი სასმელისა და პოპკორნის გაყიდვა 10%-დან 50%-მდე გაიზარდა! სიახლე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და „25-ე კადრის შემქმნელმა“ დიდი ფულის შოვნა მოახერხა.
ფოტოზე: ჯეიმს ვაიკერი (James Vicary)
მალე 25-ე კადრის შესწავლას ხელი მეცნიერებმა და პროფესიონალებმა მოჰკიდეს. მალე დადგინდა, რომ მაყურებლის ყურადღებას 25-ე კადრიც იქცევს და 50-ეც, მაგრამ ნებისმიერი რეკლამა ან ინფორმაცია, რომელიც მყისიერად გაირბენს, ტვინის მიერ აღიქმება, როგორც უმნიშვნელო და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას არ ახდენს.
შემდეგ 1962 წელს, „25-ე კადრის“ მეთოდის ავტორმა ჯეიმს ვაიკერიმ თავად აღიარა, რომ ექსპერიმენტის შედეგები გააყალბა და ეს, უბრალოდ, მარკეტინგული ხრიკი, ვირუსული რეკლამა იყო.
90-იანი წლების ყვითელმა პრესამ 25-ე კადრთან დაკავშირებული ამბავი „გააცოცხლა“ და დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ შესაძლებელია “ფარული შეტყობინების” კეთილი მიზნებისთვის გამოყენება, მაგალითად, ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების განკურნება.
კომენტარები