რა თქმა უნდა, ყველა დედა დარწმუნებულია, რომ კარგი დედაა და ამაში ვერც ვერავის შეედავები. თავისი შვილისთვის ყველა დედა აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია და რაც არ შეუძლია. თუმცა დედებიც ვერ დგანან ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. მეც დედა ვარ, რომელიც ხშირად 5 ვარსკვლავით აფასებს თავის დედობრივ მზრუნველობას და მოთმინების უნარს, მაგრამ არის მომენტები, როცა მე „მე“ ვარ: ადამიანი, ქალი, ცოცხალი არსება ჩემი ინტერესებითა და სურვილებით. დედობა ურთულესი პროფესიაა და ყველა ქალს გვეპატიება თუ იშვიათად, ძალიან იშვიათად რამე შეგვეშლება ან ყურადღების მიღმა დავტოვებთ. რა თქმა უნდა, საუბარი წვრილმან შეცდომებზე და ხარვეზებზე მაქვს.
ერთად გავეცნოთ იმ „ხარვეზების“ ჩამონათვალს, რასაც კარგი დედა არასდროს გააკეთებდა.
კარგი დედა არასდროს:
1. არ სძულს და ეზარება მზარეულობა – შეიძლება არ გვძულს, მაგრამ ხანდახან ხომ დაგვზარებია სამზარეულოში ფუსფუსი და რამდენიმე სახეობის კერძის მომზადება?!
2. არ ეზარება შვილებთან ერთად საწოლში ნებივრობა და ძილი – მათ სულ შვილების გვერდით ყოფნა სურთ, მაშინაც კი როცა ბავშვებს სძინავთ. ვის არ უყვარს შვილებთან ყოფნა, მაგრამ დედებმა ისიც ხომ ვიცით, როგორია ღამით მძინარე ბავშვი, როცა ძილშიც კი ყირაზე გადადის. მე ამ დროს ფაქტიურად არ მძინავს და თქვენი არ ვიცი…
3. არ ღლის მუდმივად შვილებზე ლაპარაკი – უსმენენ თუ არ უსმენენ, კარგ დედას უნდა ყოველთვის შვილებზე ილაპარაკოს. სხვებს მოუყვეს მათი წარმატებების და ახალი ცხოვრებისეული ნაბიჯების შესახებ. ეს მეც ძალიან მიყვარს, თუმცა სხვების ადგილზეც წამომიდგნია თავი.
4. არ დახარჯავს ფულს საკუთარი სიამოვნებისათვის – ყველა დედას ხომ წინა პლანზე შვილები, მათი სურვილები და ინტერესები აქვს დაყენებული და საკუთარი თავი თითქმის აღარ ახსოვს. ნუთუ მხოლოდ მე შემომეპარება ხოლმე ეგოისტური აზრები და სურვილები? ჰმ…
5. არ წავა დასასვენებლად შვილების გარეშე – სიტყვა „შვებულება“ ან „დასვენება“ თავისთავად გულისხმობს განტვირთავს, მოდუნებას, სულიერ და ფიზიკურ დასვენებას. განტვირთვა და მოდუნება ხომ არაფრით გულისხმობს ბავშვებს? პირადად მე არასდროს დამიტოვებია ბავშვები და მარტო დასვენების ფუფუნებაც არ მქონია, მაგრამ აბა დაფიქრდით, მზისგან დამცავი კრემით ხელში ბავშვების „პლაჟზე“ დევნას არ ჯობია ერთ წიგნს ვამთავრებდე და მეორე კოქტეილს ვუკვეთავდე?! იდეაში ცუდი დედა = კარგ დასვენებას…ასე ახერხებთ ვინმე?
6. არ აქვს შემთხვევა, რომ მოუმზადებელია და რამე დაავიწყდა – სეირნობისას, ქალაქგარეთ პიკნიკის ან ექსკურსიების დროს კარგი დედა ყოველთვის აღჭურვილია წყლის ბოთლიდან დაწყებული სასუსნავით და დესერტით დამთავრებული. ხომ შეიძლება რაღაც დაგავიწყდეს ადამიანს ან სახლში დაგრჩეს?!
7. არ მოუვა აზრად აფრიკული ნაწნავები ან ტატუ გაიკეთოს – ჯერჯერობით არც მე მომსვლია თავში რომელიმე ეს იდეა, მაგრამ ხომ არსებობენ ქალი-დედები, რომლებსაც ტატუც ძალიან უხდებათ და ნაწნავებიც!
8. არ სძულს სკვერი და სათამაშო მოედნები – პირიქით კარგი დედა როგორც პირადი მცველი და ჯარისკაცი წინ და უკან დარბის და იცავს შვილებს ხიფათისა და სხვა ბავშვების თავდასხმებისაგან.
9. არ არის დაღლილი და ცუდ ხასიათზე – კარგი დედა მთელი დღე ისეთი ბედნიერია, თითქოს ბავშვებთან კი არა, სადმე ეგზოტიკურ სანაპიროზე გაშოლტილმა გაატარა დილა, შუადღე და ახლა მზის ჩასვლის ცქერით ტკბება.
10. არ ჰყავს ძიძა ან დამხმარე – მისთვის წარმოუდგენელია ვინმეს ანდოს ბავშვები და ვინმეს გაუყოს მათზე ზრუნვის სიამოვნება. თუ სხვა საქმით არ ხარ დაკავებული, მართლაც რატომ უნდა აიყვანო ძიძა?!
კომენტარები