საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (საქართველოს მოქალაქე) 2018 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქე ემიგრანტებს, მათი უმრავლესობა რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეები არიან. 2015-2018 წლებში საქართველოდან წასული ემიგრანტების 57% კაცია.
სტატისტიკა მიგრაციის სამთავრობო კომისიამ 2019 წლის მიგრაციის პროფილში გამოაქვეყნა.
2015 წელს ქვეყნიდან საქართველოს 67 452 მოქალაქე გავიდა, 2016 წელს 64 705, 2017 წელს 67 269; 2018 წელს კი 76 367.
საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ვიზაზე შეტანილი განაცხადების საერთო რაოდენობა 2010 წლიდან 2017 წლამდე მზარდი იყო. თუმცა, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ (28.03.2017), შენგენის ვიზებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.
ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ მზარდია საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. 2017-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიაში(142 410 მოქალაქე), იტალიასა (83479 მოქალაქე) და საბერძნეთში (71 696 მოქალაქე) განხორციელდა.
კომენტარები